December 16, 2013

Tarte au citron meringuée / ლიმნის ტარტი ბეზეთი ან ბეზეს გარეშე

  



მისი ბრწყინვალება ლიმნის ტარტი! ჩემი საყვარელი ტარტი დახვეწილია და ფაქიზი, ლამაზი და თან დელიკატური. ლიმნის ფაფუკ კრემს ისეთი ძალა აქვს, ისეთი, რომ პირში ფრანგები, როგორც ამბობენ, გემოების აფეთქება ხდება. ვიცი რომ ქართულად დიდად ლამაზად არ  ჟღერს, მაგრამ უკეთესი შედარება არ არსებობს - ლიმნის ტარტი ბომბია, ბომბი, დამიჯერეცოტა რთული რეცეპტია და ერთი  ათი ტარტი  მაინც გავაკეთე, სანამ ჩემი არ გავიტანე და იდეალურ რეცეპტს არ მივაგენი. სადმე რომ მიმაქვს,  ყველა მეუბნება,  რომ კონდიტერის  გაკეთებულს გავს  :)

ცომისთვის:
220 გრამი ფქვილი
120 გრამი კარგად შერბილებული კარაქი
60 გრამი შაქრის პუდრა
1 კვერცხი
120 გრამი ნუშის ფქვილი, თუ არ გვაქვს ჩავანაცვლოთ ფქვილით
მწიკვით მარილი
1 კილო კაკალი ლობიო - არ ვხუმრობ

ლიმონის კრემისათვის:

3 ყვითელი და ერთიც მწვანე ლიმონი - თუ პატარებია, 4 (დაახლოებით 140-160გრ წვენი ზესტთან ერთად, გააჩნია როგორი სიმჟავის გიყვარს )

130 გრამი შაქარი

3 მთლიანი კვერცხი + 3 კვერცხის გული

160 გრამი კარაქი

მწიკვით მარილი

მეოთხედი ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი ( თუ გვაქვს)

ბეზესთვის:
80 გრამი კვერცხის ცილა - 3 კვერცხის ცილა დაახლოებით
80 გრამი შაქარი
1 ლიმნის ცედრა
ცოტაც შაქრის პუდრი

ცომი:
გააცხელე ღუმელი 170 გრადუსზე.
ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურაზეა. აურიე ყველაფერი. ფხვიერ ცომს ნამეტანი ზელა არ უხდება-თქო. ფრთხილად იმუშავე, გააკეთე ბურთი და შეაგდე ცომი მაცივარში 15 წუთით. ამ დოზებით 2 ტარტისდენი ცომი გამომდის. ვყოფ შუაზე და ნახევარს ვაგდებ საყინულეში. შემდეგ ჯერზე ნახევარი საქმე მოთავებული მაქვს. მერე გაიყვანე დარჩენილი ნაწილი  18 სანტიმეტრიანი ფორმისთვის. დაიმახსოვრე - რაც უფრო თხელია ცომი, მით უფრო ელეგანტურია ტარტი. სქელი ცომი ტარტს არ უხდება - ყველა სხვა გემოს ფარავს და ლიმონის კრემი სრულიად იკარგება. ასე რომ, კარგად გააბრტყელე :) მერე მოუსვი ფორმას კარაქი, მოაყარე ოდნავ ფქვილი. დაბერტყე ხელით, რომ ფქვილი თანაბრად გადანაწილდეს. გადაახვიე გასაყვან ჯოხზე შენი ცომი და ჩააფინე ლამაზად. კუთხეებს მიაქციე ყურადღება, თითით ჩატკეპნე და კარგად გაიყვანე რომ სწორი კედლები მიიღო. მერე გვერდები შემოაჭერი და ძირი დაჩხვლიტე ჩანგლით. ტარტის კედლები დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიმაღლის უნდა იყოს. შემოჭრილი ცომი გასაყინ ცომს დაუმატე. მერე ჩააფინე ფოლგა ცომზე, როგორც სურათზეა და დააყარე ლობიოს კაკლები. აი ასე:




წესით საკონდიტრო ბურთულები უნდა, მარა ლობიო და მაკარონიც გადასარევია, თანაც ბევრად იაფი. ამ მეთოდით კარაქიანი ცომი კრემის გარეშე იწვება და გვერდები არ ჩამოდნება, მიხვდი? მერე შეაგდე 15 წუთით ღუმელში. ყურადღება მიაქციე, ღია ოქროსფერი უნდა იყოს. შუაგული კი თეთრი არ დარჩეს. მე 15 წუთი მერე ლობიოს მარცვლებს ვიღებ. ტარტი უკვე გამაგრებულია და თუ ცხობა აკლია, ისევ უკან ვაგდებ. კიდევ ერთხელ გაფრთხილებ, ძალიან ღია ფერის უნდა იყოს და არ დაიბრაწოს. შენი ღუმელის მიხედვით იმოქმედე. მერე გამოიღე, გააციე და ფრთხილად ამოიღე ფორმიდან.
კრემი:
დადგი ქვაბით წყალი ასადუღებლად (ქვაბში უნდა იყოს მესამედზე ნაკლები წყალი). ლიმონს გააცალე ცედრა, დაასხი ლიმონის წვენი, მერე ყველაფერი აურიე. დადგი ნელ ცეცხლზე და მასას მანამ ურიე, სანამ თხელი კრემივით არ გახდება. ცოტა დრო მიაქვს ამ ამბავს, არ იჩქარო. რომ გამზადდება, გადაწურე - თუ გინდა რომ ლამაზი ფერი ქონდეს და ცედრის ნაწილაკები გააცალკევო. როგორც ხედავ ჩემს ერთერთ ფოტოზე ცედრა დავტოვე და კრემი არ გადამიწურავს. ნელ-თბილი კრემი  ჩაასხი  ცომში. თავზე მოახეხე ლიმნის ცედრა სილამაზისთვის და შედგი ტარტი მაცივარში გასაციებლად. პროცესი შეიძლება აქვე დამთავრდეს - ტარტი ბეზეს გარეშეც გადასარევია.

ბეზე:
ათქვიფე ცილა და ნელ-ნელა ჩაუმატე შაქარი. კარგად რომ გამაგრდება, დაუმატე ლიმნის ცედრა. ამით დაფარე ტარტი. შეგიძლია ყვავილებადაც დაასვა. მოაფრქვიე შაქრის პუდრა პატარა საცერით და შეაგდე 200 გრადუსზე 8-10 წუთით. მერე გამორთე ღუმელი და კარი ოდნავ შეაღე. დაელოდე ასე ნელა გაციებას რომ ბეზე არ დავარდეს.

რა თქმა უნდა ყველას ჯობს ბეზეს თავი სპეციალური აპარატით მოწვა და  chalumeau de cuisine  გამოიყენო, რომელიც კრემ ბრულესთვისაც გამოგადგება და ნორვეგიული ომლეტისთვისაც.


 ესეც შალუმო


ახლა შენი ტარტი 1 საათით გააციე. გააფორმე ლიმნის ცედრით და მიირთვი ახალგაკეთებული.  ისიამოვნე :)              

ეს ტარტი სანახევროდ გავაფორმე ბეზეთი :)



P.S. ნახე ჩემი ელექტრონული წიგნი ბლოგის ყველა რეცეპტით და კიდევ ბევრი სხვა გემრიელობებით:

https://saba.com.ge/books/details/1369?

თუ გინდა ახალ-ახალი რეცეპტების შესახებ ინფორმირებული იყო, დამალაიქე ფეისბუქზე - https://www.facebook.com/tinispiradisapzareulo

No comments:

Post a Comment